საქართველოს რამდენიმე ქალაქში ქალთა უფლებების დასაცავად "ათასი მშობლის მარში" იმართება

დღეს, "მომისმინე - პროტესტის 100 დღე" კამპანიის ფარგლებში, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით აქცია "ათასი მშობლის მარში" იმართება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კამპანია აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმიანებიან ბოლო დროს განვითარებულ მოველენებს, გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რაზეც სახელმწიფო ინსტიტუციების არასათანადო რეაგირების შედეგად საქართველოში გოგოებსა და ქალებს აუპატიურებენ და ზოგის სიცოცხლე თვითმკვლელობით სრულდება.

ქალაქებში - თბილისი, გორი, ზუგდიდი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ხარაგაული, ახალციხე, რუსთავი, მარნეული და თელავი, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით.

თბილისში მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მსვლელობა მთავრობის კანცელარიისკენ მიემართება. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა.

საპროტესტო კამპანიის მონაწილეები ასევე მოითხოვენ თვითმკვლელობის მიზეზით დაღუპული 14 წლის გოგოს საქმის, პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს ყველას შემოუერთდეს "ათასი მშობლის მარშს", რათა სახელმწიფომ ნათლად დაინახოს რომ ცვლილებების დროა.