ონკოპაციენტები, რომლებიც 8 აპრილს დილიდან აქციას მართავდნენ, ღამითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები, რომლებმაც 8 აპრილს დილიდან აქციას მართავდნენ, ღამითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან.

მათთან ერთად არის მოძრობა „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე, რომელიც ამბობს, რომ დღის 12 საათიდან ადგილზე არიან, თუმცა პრემიერ-მინისტრისგან მათ განცხადებაზე პასუხი ვერ მიიღეს, ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.


"აქ ვაპირებ დგომას, მეც და ონკოპაციენტებიც დგანან აქ. 12 საათიდან აქ ვართ და არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძესთან განცხადება შევიტანეთ, მის პიარს მივწერე, ენახათ ეს განცხადება, ჯერჯერობით ეტყობა, ვერ ნახეს კარგად," - ამბობს გვანცა აფხაიძე რადიო თავისუფლების ცნობით.


ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თითოეულ კიბოთი დაავადებულს დაფინანსება მისი საჭიროების შესაბამისად გამოუყოს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, ონკოპაციენტებს მედიკამენტების ღირებულება დაუფინანსოს, მათთვის მხოლოდ მცირე შეღავათია.


ხანგრძლივი პროტესტისა და მოლაპარაკების შედეგად, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განახადა, რომ ონკოპაციენტებს სახელმწიფო ძველებურად გამოუყოფს 25 ათას ლარს, თუმცა ცალკე აუნაზღაურებს მედიკამენტების ხარჯსაც. მანამდე წამლები პაციენტს მისთვის განსაზღვრული 25-ათასლარიანი ლიმიტიდან უნდა შეეძინა.