საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების ხარჯების დაფინანსებას ზრდის. მინისტრმა მიხელ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს.
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილ 25-ათასლარიან ლიმიტს უცვლელს ტოვებს, თუმცა ამ თანხაში აღარ იანგარიშებს მათთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლებსაც უწყება ისედაც ყიდულობს.
„პრაქტიკულად გამოირიცხება, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებმაც აქამდე მოქმედი დაფინანსების წესით გათვალისწინებული 25-ათასლარიანი ლიმიტი ამოწურეს.
ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები მკურნალობის დაფინანსების წესის შეცვლის მოთხოვნით თბილისში აქციებს ხშირად მართავდნენ. მათი თქმით, დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფდა პაციენტების ნაწილის სრულად განკურნებას.