მირიან ნიკოლაძე: ერთადერთი მოლოდინი, რაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს აქვს, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 პირის მიმართ ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს.

როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე Europetime-თან საუბარში აცხადებს, ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნაა ბრალდებულები უმკაცრესად დაისაჯონ.

,,ერთადერთი მოლოდინი, რაც ოჯახს გააჩნია ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგის დედამ დააფიქსირა თავისი და მისი მეუღლის პოზიცია სასამართლოს წინაშე და მოითხოვა ბრალდებულების უმკაცრესად დასჯა. ასე რომ, გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა ოჯახს სხვა მოლოდინი არ აქვს", - განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები – ზ.ხ. და ა.ქ.