დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
ქემერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და „რესპუბლიკური პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს ფლორიდაში ეწვია, მოგვიანებით ის ვაშინგტონში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.
„ოპოზიციის კანდიდატებთან მინისტრების შეხვედრა სტანდარტული პრაქტიკაა და მათი რუტინული საერთაშორისო ჩართულობის ნაწილია,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
დევიდ კამერონი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინის დახმარების საკითხს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
„ვაშინგტონში მისი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საერთო პრიორიტეტებზე, მათ შორის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარებაზე,“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
Telegraph-ის ცნობით, ქემერონის დისკუსია პრეზიდენტობის სავარაუდო რესპუბლიკელ კანდიდატთან, მოიცავდა უკრაინას, ღაზის სექტორში მიმდინარე ომისა და ასევე, NATO-ს მომავლის შესახებ.
ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ეჭვები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და ის ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის ერთგულებას NATO-სადმი - საერთაშორისო ალიანსის მიმართ, რომლის დაცვის ვალდებულებაც აშშ-მ აიღო.
ვაშინგტონში ვიზიტისას ქემერონი გამოვა გაფრთხილებით, რომ კიევის წარმატება რუსეთის დამარცხებაში, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის“, ის მოუწოდებს კანონმდებლებს, დაამტკიცონ „გადაუდებელი“ შემდგომი დახმარება ქვეყნისთვის.
შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.
თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.
კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.