გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი: სასამართლო ხვალინდელ პროცესზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ სასამართლო ხვალინდელ პროცესზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

Europetime-თან საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში განხილული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არათუ დაკავებულების ბრალეულობა, არამედ საერთოდ დანაშაული რომ მოხდა, მკვლელობა ისიც არ დასტურდება.

,,იქიდან გამომდინარე, რომ 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვიკვლევდით მტკიცებულებებს, რაც წარმოადგინა სასამართლოში ბრალდების მხარემ და გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც დაადასტურებდა, როგორც ჩემი დაცვის ქვეშმყოფის ბრალეულობას, ასევე სხვა ნებისმიერი პირის, რომელიც ბრალდებულია ამ საქმეზე, მოლოდინი გვაქ რა თქმა უნდა, რომ გამამართელებელი განაჩენი დადგება.

სასამართლოში ბრალდების მხარემ არამხოლოდ ის ვერ დაადასტურა, რომ ბრალდებულებს რაიმე შემხებლობა აქვთ აღნიშნულ დანაშაულთან, არამედ საერთოდ დანაშაული რომ მოხდა, მკვლელობა, ისიც ვერ დაადასტურეს. გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ თუკი სასამართლო გამამართლებელ განაჩენს არ გამოიტანს, დაცვის მხარე კანონით მონიჭებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს.

,,ამ ეტაპზე რადგან იურისტები ვართ სამართლებრივ ჭრილში ვუყურებთ საკითხს და რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავთ, რომ სხვა შედეგი შეიძლება დადგეს და თუ მაინც სხვაგვარი შედეგი დადგება, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, კანონით მონიჭებული უფლებები, რაც არის. ჯერ საქართველოში და მერე ვნახოთ. ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რა შედეგს მივიღებთ", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები – ზ.ხ. და ა.ქ.