საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა, ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას - ევროკავშირი

„1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა. ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.


„დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რაც ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება,“ – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.


„პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე. თქვენ იბრძოდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის, როგორც ჩვენ  - გერმანიაში. და თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.


საელჩოს ცნობით, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა პატივსაცემად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და მისმა მეუღლე მარიამ პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანეს. „მაშინ ქართველი ახალგაზრდები თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რამაც მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ჩვენ პატივისცემით ვინახავთ მათ ხსოვნას. მათი გმირობა ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის პრინციპები,“ წერს გერმანიის საელჩო.


„საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად,“ წერს თავის მხრივ, საფრანგეთის საელჩო.


განცხადებას ავრცელებს თურქეთის საელჩოც.

„35 წლის წინ, დღევანდელ დღეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა გმირი ახალგაზრდების თავგანწირვა, რამაც მისცა გზა ქვეყნის დამოუკიდებლობის თავიდან მოპოვებას,“ – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში.