- 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოში პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 35 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
9 აპრილს დაღუპული გმირები: აზა ადამია - 22 წლის; თამუნა დოლიძე - 28 წლის; მზია ჯინჭარაძე - 43 წლის; გია ქარსელაძე - 25 წლის; თამუნა ჭოველიძე - 16 წლის; ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის; თინა ენუქიძე - 70 წლის; ნანა სამარგულიანი - 30 წლის; ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის; მამუკა ნოზაძე - 22 წლის; ნატო გიორგაძე - 23 წლის; ვენერა მეტრეველი; მანანა ლოლაძე - 33 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის; ზაირა კიკვიძე - 61 წლის; მანანა მელქაძე - 23 წლის; ნინო თოიძე - 25 წლის; თამარ მამულაშვილი - 50 წლის; მარინე ჭყონია - 25 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.