გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი: მოლოდინი მაქვს, რომ პროკურატურას მოუწევს განაჩენის გასაჩივრება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შემდეგ ინსტანციაში ბრალდების მხარეს, პროკურატურად მოუწევს, რადგან საქმეზე ზ.ხ-ს გამამრთლებელი შედეგი დადგება.

როგორც გელხაურმა Europetime-ს განუცხადა, სასამართლომ არ შეიძლება, განაჩენი ბრალდების მხარის ვერსიებზე დაყრდნობით გამოიტანოს.

„სიმართლე, რომ გითხრათ, მოლოდინი სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის მაქვს, რომ ექნება პროკურატურას და მას მოუწევს ამ განაჩენის გასაჩივრება, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიებზე არ შეიძლება იყოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის რაიმე სახით იქნება მიუღებელი, შემდეგ ინსტანციებში მოხდება გასაჩივრება", - განაცხადა გელხაურმა.

ადვოკატის ინფორმაციით, წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის „ბრალად შერაცხულ ქმედებას".

,,ჩვენ დაახლოებით 300 საათი, შესაძლოა, უფრო მეტი ამ საქმის განხილვას მოვანდომეთ, მტკიცებულებების გამოკვლევას. დეტალურად მოხდა ყველა იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ. ამ მტკიცებულებებს თუ შევაჯამებთ და ანალიზს გავუკეთებთ, არც ერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე სახის შემხებლობას არასრულწლოვანისა და გიორგი შაქარაშვილის.

არც მოწმის ჩვენება, არც ექსპერტიზის დასკვნა, ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, რომელიც დაადასტურებს, თუ რა ვითარებაში მოხდა იმ დაზიანების მიყენება, რომელიც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა სხეულზე და შემდეგ უკვე, როგორ აღმოჩნდა წყალში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვერსიები რომ, სავარაუდოდ, ეს პირები ჩაიდენდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას, ეს არის აბსურდი და სასამართლო ეჭვებსა და ვარაუდებზე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ მიიღებს, ამიტომ მოლოდინი იმის, რომ იქნება ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება ეს არის გამამართებელი განაჩენი არასრულწლოვანთან მიმართებაში", - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები – ზ.ხ. და ა.ქ.