ჰოლანდიური ფონდი არტექო, მისი დამფუძნებლის - დალი უბილავა-დე გრააფის ინიციატივით ( რომელიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA/ESTEC/Space Expo თანამშრომელიცაა) აანონსებს საერთაშორისო კონკურსის პირობებს 2023 წელს მთვარეზე ტურისტული მისიის „ჩემო მთვარევ“ (Dear Moon) ქართველი წევრების შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას! მათ შორის, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართველებსაც ეძლევათ უნიკალური შანსი კოსმოსში გასამგზავრებლად.
"მკაცრი სელექციის შემდეგ შეირჩევა 8 ყველაზე შემოქმედებითი, ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იაპონელ მილიარდერთან იუსაკუ მაეზავასთან ერთად ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით „სთარშიფი“ განახორციელებენ კაცობრიობის ისტორიაში უნიკალურ, ერთკვირიან ტურისტულ მოგზაურობას მთვარეზე.მილიარდიანი ბიუჯეტის მისიაში „ჩემო მთვარევ“ მონაწილეობა შერჩეული წევრებისთვის უფასოა, რამდენადაც მისია უკვე დაფინანსებულია იაპონელი მილიარდერის მაეზავას მიერ.
მისიის შესახებ
ამბავი 2018 წელს დაიწყო, როცა იაპონელმა მილიარდერმა, ხელოვნების ქომაგმა და კოლექციონერმა იუსაკუ მაეზავამ განაცხადა, რომ ის ილონ მასკის „სფეის X“-თან თანამშრომლობით 2023-ში აპირებდა მთვარეზე გაფრენას რვა მხატვართან ერთად, მაგრამ ეს წინადადება ახლახანს მან კიდევ უფრო გააფართოვდა და ის ეძებს არა კონკრეტულად მხატვრებს, არამედ ამბიციურ, ნიჭიერ და მისიისთვის შესაფერის შემოქმედებით ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან. მაეზავას კოსმოსური მოგზაურობის თანაგუნდელები, რომელებიც თავისთავად, უნდა აკმაყოფილებდნენ საბაზისო ტექნიკურ მოთხოვნებს, შერჩეულნი იქნებიან 2 უმთავრესი კრიტერიუმით:
1. კანდიდატმა უნდა შეძლოს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი კრეატიულობა კოსმოსში მოგზაურობის დროს სხვათა (საზოგადოების) შთაგონებისთვის.
2. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სურვილი და მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარონ/მხარი დაუჭირონ თავიანთ თანაგუნდელებს.” ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რვა მგზავრის შერჩევისას” - ამბობს მაეზავა.
მისიაში მონაწილე კანდიდატების სელექციის პროცესიც სწორედ მის მიერ იქნება წარმართული.
პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ძალიან ამბიციურად ჟღერს ასევე მისიის კანდიდატების შერჩევის პროცედურაც. ვფიქრობთ, ქართველები ჩვენი ხასიათით და შესაძლებლობებით, ვპასუხობთ მაეძავას მოთხოვნებს და ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ნამდვილად აღმოჩნდებიან კოსმოსური მისიისთვის საჭირო მონაცემების, ტექნიკური ცოდნის და შემოქმედებითი ნიჭის მქონე ის ადამიანები, ვისაც იაპონელი მილიარდერი შანსს მისცემს მთვარეზე გასამგზავრებლად - განაცხადა დალი უბილავა დე გრააფმა.
ორ წელიწადში, ანუ 2023 წელს მთვარეზე პირველი კომერციული პილოტირებული მისია „ჩემო მთვარევ“ (Dear Moon) შესრულდება. მისიის ფარგლებში იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა და მის მიერ საბოლოოდ შერჩეული 8 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში მთვარის გარშემო იმოგზაურებენ. ადგილები უკვე დაჯავშნილია, ბილეთები ყველა მგზავრისთვის უკვე ნაყიდია, მთვარის მისია „ჩემო მთვარევ“ დაფინანსებულია მაეზავას მიერ.
კონკურსის პირობები.
რეგისტრაცია
მთვარის ტურისტულ მისიაში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს ამ ლინკზე: https://dearmoon.earth/pre-reg.html რეგისტრაციის დედლაინია 2021 წლის 14 მარტი, 19.00 (საქართველოს დროით)
შერჩევის პროცესი
რეგისტრაციის შემდეგ, ყველა დარეგისტრირებული კანდიდატი ელ.ფოსტით მიიღებს წერილს, დეტალური ინფორმაციით სელექციის პროცესის შემდგომი ეტაპების შესახებ.
შემდგომი და უმთავრესი პროცედურების თანმიმდევრობა კი ასეთია:
2021, მარტი - კანდიდატების ე.წ. სქრინინგი,
2021, აპრილი/მაისი - ონლაინ ინტერვიუების ეტაპი,
2021, მაისის ბოლოს - საბოლოო გასაუბრებები და სამედიცინო გამოკვლევები,
2021, ივნისის ბოლოს - გამარჯვებულების, მისიის მონაწილეების საბოლოო გამოცხადება,
2021, აგვისტოდან - დაიგეგმება გამარჯვებული კანდიდატების საწვრთნელი და მომზადებული სამუშაოები ამერიკის, იაპონიის, ევროპის, კოსმოსურ სააგენტოებში.
„სთარშიფი“
2023 წელს იუსაკუ მაეზავა და მისი 8 თანაგუნდელი ამერიკიდან მთვარისკენ გეზს აიღებენ ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით „სთარშიფი“. კოსმოსური ხომალდი „სთარშიფი“ ამჟამად ტესტირების პროცესშია.
მასკი დარწმუნებულია, რომ 2023 წლისთვის კოსმოსური ხომალდი სრულ მზადყოფნაში იქნება: ”დარწმუნებული ვარ, რომ „სთარშიფი“ უსაფრთხო იქნება 2023 წლისთვის ადამიანების მთვარისკენ ტრანსპორტირებისთვის.” მილიარდერი მაეზავა ასევე ამბობს, რომ მას სრული ნდობა აქვს ილონ მასკის და მისი კომპანიის „სფეის X“ და მოუთმენლად ელის ისტორიულ კოსმოსურ მოგზაურობას. "ცოტათი მეშინია კიდეც ", - აღიარებს იგი, "მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერია და ის იმარჯვებს".
დამატებითი ინფორმაცია
დიდი ხნის განმავლობაში კოსმოსის ათვისება კოსმოსური სააგენტოების და მათი ასტრონავტების პრეროგატივა იყო, შესაბამისად ფინანსდებოდა კოსმოსური სააგენტოების /სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.ერთი ადამიანის კოსმოსურ სადგურზე გამგზავრება დაახლოებით 90 მილიონი დოლარი ჯდება, ხოლო მთვარეზე გამგზავრება - რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი.
2008 წლიდან ილონ მასკის კომერციული კომპანია „სფეის X“ უკვე ახორციელებს უპილოტო, ხოლო 2019 წლიდან პილოტირებულ (ასტრონავტების) მისიებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. სფეის X-ს დაგეგმილი აქვს კოსმოსური ტურიზმის განვითარების სხვადასხვა კომერციული კოსმოსური მისიები და ადამიანების ტურისტების სტატუსით მოგზაურობა კოსმოსში: 2021 წლის ბოლომდე დედამიწის გარშემო, 2023 წელს მთვარისკენ და შემდგომში მარსისკენ. ბაზარზე არიან ასევე სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე კოსმოსური ტურიზმით არიან დაინტერესებულნი და წლის ბოლომდე გეგმავენ პირველი ტურისტების კოსმოსში გამგზავრებას.