საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დელფინ პრონკმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ღირებულებების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის. დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესი და ის იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში უკვე მეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს ქვეყნისათვის გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ევროკავშირის ღირებულებების დამცველი სამოქალაქო სექტორის განადგურება კი, სწორედ რუსეთის მიზანს წარმოადგენს.
„როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!”- განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული რიტორიკა მიუღებელია.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შავი ზღვა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებაცაა და რუსეთი ცდილობს ის დაპირისპირების ზღვად აქციოს.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.
„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.
5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.
ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია