„აშშ-მ, როგორც საჯაროდ, ასევე მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ის უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, აკეთონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმე, რათა დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად,“ – ეს განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა მედიასთან გააკეთა. დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა, შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს.
ხაშურში ამერიკულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ როდესაც კანონპროექტი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების შეშფოთებას იწვევს, ხოლო ოკუპანტი მიესალმება მას, ქართველებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ "არის თუ არა ის სასიკეთო მათი ქვეყნისთვის.“
„ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის შეშოთების საგანი, ევროკავშირმა, NATO-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერომ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე,“ განაცხადა ელჩმა და იმ მნიშვნელოვან სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება რომელსაც აშშ საქართველოსთვის ახორციელებს.
აშშ, პარტნიორობითა და მეგობრობით, მჭიდროდ მუშაობდა საქართველოს მთავრობებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა განეხორციელებინა ექვსი მილიარდ დოლარის დახმარება.
რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია,“ – განაცხადა ელჩმა.
ელჩის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას.
„ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება.
ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას შესაძლებლობების გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში.
მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. ასე რომ, თქვენ უნდა დაუსვათ თავს კითხვა, თუ გაქვთ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები სერიოზულ შეშთოფებას გამოხატავენ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დაუსვათ თავს კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის? მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი.
- აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული.
ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას,“ – განაცხადა დანიგანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.
„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.
5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.
ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია