საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანას მიღწევები აქვს, თუმცა მეტი მუშაობაა საჭირო.
როგორც ელჩმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საჭიროა, რომ ქალები სხვადასხვა ინსტიტუციასა და სახელმწიფო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე დასაქმდნენ.
მისივე თქმით, სასურველია, რომ ქალები უფრო აქტიურად გამოჩნდნენ სასამართლო სისტემაში და ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზეც.
მან ასევე ხაზი გაუსვა თუ რამდენად უფრო აქტიურად არიან კაცები მსგავს პროცესებში ჩართულნი, ვიდრე ქალები.
ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ გენდერული კუთხი და იმ საკანონმდებლო ნორმებზე ისაუბრა, რომელლებიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის კუთხით გადაიდგა.
„ჩვენ ვისწრაფვით ისეთი მსოფლიოსკენ, რომელშიც ჩვენი შვილების ცხოვრებას ვისურვებდით, სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები, თავისი წვლილი შეიტანოს და სარგებელი მიიღოს საზოგადოების წინსვლითა და განვითარებით. შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით; 2010 წელს საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, 2019 წელს - კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 2019 წელს - სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა და ამაში მრავალი მხარის ძალისხმევაა ჩადებული; განსაკუთრებით - სამოქალაქო საზოგადოების. მეამაყება იმის თქმა, რომ ეს მიღწეულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. ყველამ ვიცით, რომ გასაკეთებელი მეტია“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.