ევროპარლამენტმა ევროკავშირის საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი დაამტკიცა. რეფორმა ევროკავშირის საბჭომ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა დაამტკიცონ.

კანონპროექტები, რომლებზე მუშაობაც თითქმის 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2015 წლიდან, როდესაც ევროკავშირი ფართომასშტაბიანი მიგრაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა,  სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების დაჩქარებას.

კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, თავშესაფარზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება, მიღებული იყოს განაცხადის შეტანისთანავე, პირდაპირ საზღვარზე. ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ ქვეყნებში დეპორტაციის პროცედურა უნდა გამარტივდეს.


სოლიდარობის მექანიზმი ითვალისწინებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტთა განაწილებას კვოტების შესაბამისად (არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ისინი უნდა დარჩნენ ევროკავშირის პირველ ქვეყანაში, სადაც შეძლეს მოხვედრა). თუ რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის ლტოლვილების მიღებაზე, მას მოუწევს, ფინანსური დახმარება გაუწიოს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომლებიც მიიღებენ ლტოლვილებს.

ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ განმარტა, რომ ახალი წესები იქნება „სამართლიანი“ მათ მიმართ, ვისაც აქვს თავშესაფრის უფლება, „მტკიცე“ მათ მიმართ, ვისაც არა აქვს ის და „მკაცრი“ მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას.


შემოთავაზებულ რეფორმას აკრიტიკებენ როგორც მემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე პარტიები, ასევე ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები, კერძოდ, პოლონეთისა და უნგრეთისა. ის მხოლოდ მცირე სხვაობით დამტკიცდა - სხვადასხვა კანონპროექტს საშუალოდ ხმა მისცა 300-მდე დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 260-მდე იყო.

მემარცხენეების წარმომადგენლები, ისევე როგორც მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მათ შორის Amnesty International-ი, აკრიტიკებენ რეფორმას ევროკავშირში თავშესაფრის მიღების პირობების გამკაცრებისა და არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამარტივებისთვის, მემარჯვენე პოპულისტები კი მიიჩნევენ, რომ ის არასაკმარისად მკაცრია მიგრანტების მიმართ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ასევე აკრიტიკებენ რეფორმით გათვალისწინებულ სოლიდარობის მექანიზმს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამჟამად ყველაზე მეტ მიგრანტს მასპინძლობენ, ისეთებისა, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.