ცესკოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში, პრეზიდენტის წარმომადგენელმა წევრობა შეიჩერა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში გასაუბრება მიმდინარეობს. პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა ლევან შენგელიამ კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში წევრობა შეიჩერა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით, სოლიდარობა გამოუცხადა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ორ წარმომადგენელს, ნინო ჩხობაძესა და ზაურ ხალილოვს, რომლებმაც ამ ეტაპზე კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.


როგორც შენგელიამ განმარტა ამის მიზეზი ე.წ. აგენტების შესახებ კანონი გახდა, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომისიის სხდომის გადადება მოითხოვეს, რადგან 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იწყებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას, თუმცა მათ დადებითი პასუხი ვერ მიიღეს.


„ორმა წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, განცხადებით მიმართა კომისიას და განაცხადა, შეუძლებლობის შესახებ თავიანთი მუშაობისა, ამ კომისიაში. თქვეს, რომ ისინი შეაჩერებენ თავიანთ მონაწილეობას კომისიაში. თავიანთი გადაწყვეტილება დაუკავშირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვის დაწყებას 15 აპრილს.

ესენი არიან ნინო ჩხობაძე და ზაურ ხალილოვი. თხოვნა იყო, რომ ხომ გადაგვედო სხდომა საერთოდ და მერე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ელოდნენ. რადგან ეს გათვალისწინებული არ იქნა, მე როგორც კომისიის წევრი, პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე, ვაჩერებ ჩემ მონაწილეობას კომისიაში. ეს გვინდა, რომ აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს,“ - განაცხადა ლევან შენგელიამ.


ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. ცესკოს წევრის სამ ვაკანსიის დასაკავებლად კი, ოთხ კანდიდატურას შეაფასებენ.


20 თებერვალს დამტკიცებული ცვლილებებით, საპარლამენტო უმრავლესობას კვლავ შეუნარჩუნდა ბერკეტი, რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ წევრები, 5-წლიანი სრული ვადით, საბოლოოდ - კვლავ 76 ხმით აირჩიოს. ძალაში დარჩა საარჩევნო კოდექსში მანამდე დამტკიცებული, სადავო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, ნაცვლად პრეზიდენტისა. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.