ევროპარლამენტმა დაამტკიცა წესები, რომლებიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაბლოკონ რუსული თხევადი გაზის იმპორტი

ევროპარლამენტმა 11 აპრილს კენჭი უყარა წესებს, რომლებიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აკრძალონ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი, იტყობინება Reuters.

ახალი პოლიტიკა მიზნად ისახავს ლეგალური მარშრუტის შექმნას მთავრობებისთვის, რათა დაბლოკონ რუსული გაზის მიწოდება მათ ქვეყანაში. რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეამცირა მილსადენით გაზის მიწოდება ევროპაში, მაგრამ კონტინენტზე რუსული LNG-ს შემოდინება გრძელდება, ძირითადად ესპანეთის, ბელგიისა და საფრანგეთის პორტების გავლით. ამ ქვეყნებს არ დაუდასტურებიათ, რომ ახალ სამართლებრივ ვარიანტს, უფრო კონკრეტულად კი, დღეს დამტკიცებულ ვარიანტს გამოიყენებენ.


ესპანეთის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა განმარტა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირის საერთო პოზიციას რუსული LNG-ის აკრძალვის თაობაზე, რადგან თუ ესპანეთი ამას მარტო აკეთებდა, რუსულ ფირმებს უბრალოდ შეეძლოთ საწვავის გაგზავნა ევროკავშირის სხვა პორტებში. ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა აანალიზებს კანონს და მის პირობებს რომლებიც მოიცავს იმას, რომ რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვამ არ შეიძლება, შეაფერხოს გაზის ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ბელგია ახორციელებს რუსული LNG-ის დიდი ნაწილის რეექსპორტს სხვა ქვეყნებში.


საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ევროკავშირის ანალიზის თანახმად, რუსული LNG-ს მიწოდება ევროპაში, 2021 წელს დაახლოებით 16 მილიარდი კუბური მეტრიდან, გასულ წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს პოლიტიკა, ვიდრე ის ძალაში შევა. ევროკავშირმა რუსეთის ნავთობისა და ნახშირის საზღვაო გზით იმპორტზე სანქციები დააწესა. სანქციებს ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვანი დამტკიცება სჭირდება. უნგრეთმა პირობა დადო, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას დაბლოკავს. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე მუშაობს.