გერმანიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს ბერლინში ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.


ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.


გერმანიის ელჩმა 11 აპრილს დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება.

გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება.


გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას.


„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან.


თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.

  • დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.