გერმანიის კანცლერის მოწოდების შემდეგ, რომ საქართველომ არ მიიღოს, ე.წ. უცხოური აგენტების შესახე კანონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს და რომ ცოტა ხნის წინ მას, ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, თუმცა კანცლერმა შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს.
ირაკლი კობახიძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია - ერთადერთი, რასაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიურად ფინანსების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. კობახიძის თქმით, აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი.
„მას შემდეგ რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწყვიტე, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული კანონის პირობებში სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს. 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით.
ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად ყალიბდება. ვხედავთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. ჰანს კენზელმა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ მთავრობა ღიაა პარტნიორებთან დისკუსიისთვის. მისივე განცხადებით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია.
Reuters-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა: „დიდი სიურპრიზია, რომ თქვენ ამ კანონს სრულიად სხვანაირად უყურებთ, ვიდრე კანცლერი და ევროკავშირის ელჩი, რომელმაც ეს კანონი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. როგორ ხსნით იმას, რომ თქვენ სრულიად სხვა პოზიციას იკავებთ, ვიდრე ევროპელი პარტნიორები და ევროკავშირი, რომელმაც თქვენი პროგრესი უნდა შეაფასოს და ხომ არ ფიქრობთ, არსებობს იმის საშიშროება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაზიანდება.“
„უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ.
ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია.
ერთადერთი რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება, უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილები ვართ დისკუსიისთვის.
შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.
აქედან გამომდინარე, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც კანონპროექტის პირველ წელს განხილვისას არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია,“ - უპასუხა ირაკლი კობახიძემ მედიას.
პრემიერმა ამავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კობახიძის თქმით, მან კანცლერს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ევროპული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ „საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ აღნიშნა.“ მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ოლაფ შოლცის განცხადებით კი, გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. კანცლერმა ამავე დროს აღნიშნა, რომ გერმანია ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქტიური პარტნიორი მომავალშიც იქნება, მაგრამ ასევე, ძალიან გრძელი კატალოგი არის იმ რეფორმების, რაც ჯერ კიდევ გასატარებელია.
„90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის.
ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა განზომილება ჩვენი თანამშრომლობისა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,” - განაცხადა პრემიერმა.
„გერმანია იყო და არის საქართველოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და ყოველთვის რეკლამას ვუწევდით იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.
ამას წარმატებით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. ძალიან გრძელი კატალოგი არის იმის, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ეს კრიტერიუმები თქვენთვის ცნობილია, ეს საჭიროა იმ სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან აის დაკავშირებული.
ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები. საკითხები, რომელიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება. ეს გახლავთ ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიჰყვეს საქართველო ევროპის, ევროკავშირის მასშტაბს. აქვე შედის ინსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ.
ჩვენ საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა,“ - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა.
ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.
„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.
5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.
ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია