სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების ფაქტი.
მან პრეზიდენტის ქმედებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.
„ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. რა უნდა ვუწოდოთ ამ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი? ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციელს და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა სასწაულებრივად ჩვენი გმირი პოლიციელი.
ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილი და ამის შემდეგ ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას.
ამ ქალმა როგორ უნდა შეძლოს ამ საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენელია ჩემთვის, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ! ის არის თანამონაწილე, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით, ეს არის ჩემი შეფასება.
ამიტომ სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი. რამდენიმე თვეში ის აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერება როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ შემწყალებელი, მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა, სამარცხვინო და დანაშაულია!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.