აშშ აგრძელებს „ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდებას,“ განაცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ის ცნობით.
„ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი მტკიცე ერთგულების შესაბამისად, რეგიონში აშშ-ის ძალები აგრძელებენ ირანის მიერ გაშვებული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდებას, რომელთა სამიზნეც არის ისრაელი. ჩვენი ძალები რჩებიან იმისთვის, რომ უზრუნველყონ დამატებითი თავდაცვითი მხარდაჭერა და დაიცვან რეგიონში მოქმედი შეერთებული შტატების ძალები,“ აღნიშნავს აშშ-ის ოფიციალური პირი.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება.
„ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა.
CNN წერს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები.