ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ, 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდო

ისრაელი აცხადებს, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ირანის მიერ გაშვებული 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდეს.

მისივე განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე მცირე რაოდენობის დარტყმა მოხდა, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე IDF-ის ბაზაზე, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა.


ირანის უპრეცედენტო, საპასუხო შეტევა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ისრაელს პირდაპირ საკუთარი მიწიდან დაესხა თავს.

ისრაელში სირენების ხმა გაისმა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა იერუსალიმის თავზე, საჰაერო თავდაცვის სისტემები აოქმედდნენ.

ირანმა მანამდე გააფრთხილა ისრაელი, რომ ის "დაისჯებოდა" სირიაში პირველ აპრილს მის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმისთვის, რაც ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია.


აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა Army Radio-ს ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა სამხედრო ბაზას.

მისი თქმით, რაკეტების უმეტესობა შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გააჩერა და რაკეტები ძირითადად ჩამოაგდეს ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. ჰაგარის თქმით, მთლიანობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.