აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აშშ „დაეხმარა ისრაელს ირანიდან გაშვებლი თვითმფრინავების და რაკეტების ჩამოგდებაში“. განცხადებაში ის ამბობს, რომ მან აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები რეგიონში "გასული კვირის განმავლობაში" გაგზავნა.


„ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს, ჩამოეგდო თითქმის ყველა შემავალი დრონი და რაკეტა. მე ვგმობ ამ თავდასხმებს უმკაცრესად,“ - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. 


ბაიდენმა ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა "რკინისებურია."

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ერთგულება ისრაელისადმი.

„მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა აჩვენა შესანიშნავი უნარი, დაიცვას თავი და მოიგერიოს თუნდაც უპრეცედენტო თავდასხმები,“ - ამბობს ბაიდენი. ის დასძენს, რომ ამით ისრაელმა „მკაფიო გზავნილი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ მათ არ შეუძლიათ, ეფექტიანად დაემუქრონ ისრაელის უსაფრთხოებას.“


აშშ-ის ლიდერი G7-ის ლიდერებს მოიწვევს - "ირანის თავხედურ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის კოორდინაციისთვის." ის დასძენს, რომ მისი გუნდი დარჩება მჭიდრო კონტაქტზე ისრაელის ლიდერებთან. ბაიდენი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს არ უნახავს თავდასხმები მის ობიექტებზე, ის „ფხიზლად რჩება ყველა საფრთხის მიმართ.“

„ჩვენ არ მოვერიდებათ, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა ჩვენი ხალხის დასაცავად,“ - ამბობს ბაიდენი.

გაეროს უშიშროების საბჭო კვირას საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. მისი გამართვა ისრაელმა მოითხოვა.


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. ამის შესახებ გუტერეშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ფრონტზე დიდ სამხედრო კონფრონტაციებამდე მიყვანა შეუძლია. არაერთხელ მითქვამს, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას,” - განაცხადა გუტერეშმა.