გაეროს გენმდივანმა ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმო

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე.

ამის შესახებ გუტერეშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ფრონტზე დიდ სამხედრო კონფრონტაციებამდე მიყვანა შეუძლია. არაერთხელ მითქვამს, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია, კიდევ ერთი ომი დაუშვას,” - განაცხადა გუტერეშმა.