ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია. დანიელსონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა და საქართველოში პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს.
კრისტიან დანიელსონი შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო, ვიდრე 2011 წელს დაინიშნებოდა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ.
2013 წელს დანიელსონი გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად დანიელსონი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.
„დანიელსონი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში შუამავალი იქნება და საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, ამჟამად შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მისივე თანახმად, პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, სრულად ჩაერთონ კოსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა შეძლოს.