სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.


„ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,” - აცხადებენ უწყებაში.


ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.