პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, სხვა მედიასაშუალებების კორესპონდენტებს კი, საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ.
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გათიშოს მიკროფონი და თქვას სიმართლე.
„ტყუილია! თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში.