ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ბესიკ ალადაშვილი საეჭვოდ მიიჩნევს ფარული ჩანაწერების გავრცელებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
Europetime-თან საუბრისას, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერი, შარლ მიშელის მედიატორობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გამოქვეყნებულიყო, რადგან მისი აზრით, შესაძლოა, რომელიმე ძალა ცდილობს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება არ შედგეს და ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ქართულ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას ურჩევს, ვიდრე ასეთი ჩანაწერების გამო ემოციებს აჰყვებიან და ემოციურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, კარგად დაფიქრდნენ, ვის აწყობს მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელება, რა მიზნით და ხომ არ ეხმარებიან ისინი მათ, ამ მიზნის მიღწევაში.
_თუ კარგად გავიხსენებთ, ყველა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება, კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას მოჰყვება ხოლმე. ასეთი ჩანაწერები სააშკარაოზე გამოდის მაშინ, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბულია. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ აქ პოლიტიკური მოთამაშეები არიან ჩართულნი.
კონკრეტული ჩანაწერის, კონკრეტულად, სიტუაციის ანალიზისგან თავს შევიკავებ, კონკრეტული გვარების დასახელება არ მინდა, რადგან პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ და ნეიტრალური დავრჩები. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა მაშინ, როცა ოთხთვიანი არასტაბილურობის გადაწყვეტის შესაძლებლობა გაჩნდა, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად ევროკავშირის პირველი პირი ჩამოვიდა. შარლ მიშელის რანგის პირები ხშირად არ ჩამოდიან და მნიშვნელოვანი მინიშნებაც იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა კონკრეტული მიზნებით და სერიოზული მონდომებით, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დაგვხმარებოდა. სწორედ ამ დროს შემოაგდეს ეს ჩანაწერი“, - აღნიშნავს ალადაშვილი.
ექსპერტის განმარტებით, რეალურად, ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან შესაძლოა, სამი ძირითადი მოთამაშე იდგეს: პირველი - პოლიტიკური მოწინააღმდეგე ძალა ქვეყნის შიგნით, მეორე - ეს შეიძლება იყოს შიდა პარტიული საქმეების გარჩევა და მესამე - შესაძლოა, ეს არის მართვადი ქაოსის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც გარედან არის მართული.
„ზოგადად, ფარული მოსმენების ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, თითქმის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა აღჭურვილია რადიოელექტრონული დაზვერვის და მოსმენის შესაბამისი ტექნიკით.
შეიძლება, ესენი იყვნენ ფინანსურად შეძლებული პოლიტიკური პარტიები იმიტომ, რომ არსებობს პორტატული მოსასმენი საშუალებებიც, რომლებიც რამდენიმე ათეული ათასი დოლარი და უფრო მეტიც ღირს. ასევე, შეიძლება იყოს იმავე ქვეყნის სპეცსამსახური და ხელისუფლების შიგნით შიდა დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი.
რაც მთავარია, როგორც ხდება ხოლმე, ფარული ჩანაწერები ინახება იმ კონკრეტული შემთხვევისთვის, იმ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც საჭირო იქნება მისი გარეთ გამოსვლა.
კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. ერთი ვარაუდი - ის რომ, თვითონ ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, შიგნით ხომ არ არის რომელიმე ძალა, რომელსაც არ სურს შეთანხმება. ან ეს ხომ არ არის ძალა გარედან, რომელიმე სახელმწიფოდან, რომელსაც მართვადი ქაოსის სცენარი სჭირდება, რომ არ მოხდეს შარლ მიშელის მედიატორობით დაწყებული შეთანხმება“, - აღნიშნავს Europetime-თან ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი.
მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების თემა რეალურად, მთელი მსოფლიოს პრობლემად იქცა და ამოუწურავი თემაა. ექსპერტი დასძენს, რომ განსაკუთრებით, სატელეფონო მოსმენების თავდაცვის მექანიზმი არ არსებობს.
Europetime-ს კითხვაზე საქართველოში ფარული ჩანაწერების გავრცელების მუდმივი პრობლემა ხომ არ გამომდინარეობს იქედან, რომ დღემდე არც ერთ ჩანაწერზე არავინ დასჯილა, უფრო მეტიც, არც ერთი მსგავსი საქმე ბოლომდე გახსნილი არ არის? ექსპერტი პასუხობს, რომ რეალურად მსგავსი საქმეების დადგენა ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე ძალიან რთულია.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ეს პრობლემა გამომდინარეობს იმ მთავარი ძირითადი მიზეზიდან, რომ ძალზედ რთულია იმის დადგენა, ვინ განახორციელა ჩაწერა ან ატვირთვა. ტექნიკა ისე განვითარდა, რომ ოფიციალურმა ფიჭურმა ოპერატორმა შესაძლოა, საერთოდ არ იცოდეს, რომ მის ქსელში ვინმეს უსმენენ.
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, რეალურად, მაქსიმალურად დაცული არავინ არის . არსებობს სპეციალური დაცვის ტექნიკური საშუალებები პრეზიდენტებისთვის და სახელმწიფოს მეთაურებისთვის, თუმცა ბოლომდე ვერავინ იტყვის, რომ სახელმწიფოს მეთაურების საუბრებიც გარანტირებულად დაცულია. მით უმეტეს, რიგითი მოქალაქეები, უფრო დაუცველები ვართ.
ახლა, აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, თუ საქართველოში, ხელისუფლების უმაღლესი პირების ტელეფონების კონტროლი ხდება, ყველაზე ცუდი ეს არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებს ეხება, თავდაცვას და ეროვნულ უსაფრთხოებას, ვის შეიძლება ჰქონოდა წვდომა ქვეყნის პირველი პირების საუბრებზე “, - განუცხადა Europetime-ს ექსპერტმა.
ალადაშვილი 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების წინაპირობებთან ავლებს პარალელს და დასძენს, რომ ქართულ პოლიტიკაში პრაგმატიზმს ემოციები სჭარბობს, რასაც ქვეყანა ცუდ შედეგებამდე მიჰყავს.
„ქვეყანაც იღლება. კოვიდისგან ეკონომიკა დანგრეულია და ბუნებრივია, რომ არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში, ვიდრე ქუჩებში ეს ამბავია. ბუნებრივია, პროტესტის გამოხატვა ყველას უფლებაა, მაგრამ ეს გაფიცვები გზების გადაკეტვა, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყანაზე ცუდად აისახება.
სამწუხაროდ, კვლავ იმ 30-წლიან სპირალზე ვტრიალებთ. 90-იან წლები მახსენდება, 91-92 წლები, მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მრგვალი მაგიდა, შეხვედრები ოპოზიციასთან. საბოლოო ჯამში, ვითარება მაინც ისე გამწვავდა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდა, რამაც ქვეყანა ათწლეულებით უკან დახია.
სამწუხარო პარალელებია, ღმერთმა არ ქნას, რომ ასე განვითარდეს, მაგრამ ერთი უნდა დავასკვნათ - სამწუხაროდ, ჩვენივე შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ჩვენი მოწინააღმდეგე ამას იყენებს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ალბათ ჩვენს მენტალიტეტშიც არის ეს რაღაც შეურიგებლობა, პირველობის სურვილი. პოლიტიკური სისტემა ვერ მოერგო ქართულ ხასიათს. პრაგმატიზმს ემოციები სჭარბობს.
ზოგჯერ, პოლიტიკურია პარტია, ან პოლიტიკოსი გზას თვითონ იჭრის და შემდეგ ფიქრობს, როგორმე ამ ჩიხიდან გამოვიდეს. ზოგადად, პოლიტიკა, ეს არის პრაგმატიზმი პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება.
როცა პოლიტიკაში ემოციები სჭარბობს და პრაგმატიზმი ნაკლებია, ამ დროს ძალიან მარტივია გარედან სიტუაციის მართვა. ჩვენ ცოტა უნდა ავმაღლდეთ ამ რაღაცებზე, გავაანალიზოთ და ვისწავლოთ. ზოგი ამბობს, რომ ჩვენთვის ვის სცალია, რუსეთს ხელისუფლებას თავისი პრობლემები აქვს, კოვიდი და სხვა პრობლემები. ყველა დიდ ქვეყანაში, როგორც წესი, თავის სტრატეგიულ ინტერესებზე ფიქრობენ, ნებისმიერ ვითარებაზე, საქართველოზეც ბევრი ფიქრობს და ისე მოქმედებენ, როგორც თავიანთ სტრატეგიულ ინტერესებში შედის“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლშიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს ესაუბრება. TV პირველის მტკიცებით, ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც იმ კონკრეტულ სიტუაციაში მას მხარს უჭერს. „ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები, დაახლოებით 2017 წლით თარიღდება.