ირაკლი კობახიძე ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.


„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გმჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.


ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.


პრემირემა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ,“ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მანამდე, გერმანიის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობდა. მისი განცხადებით, „საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში“.

პრემიერ-მინისტრი დიპლომატიურ წარმომადგენლებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.“


ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.


„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.


5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.


ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა.