კახა კალაძე ელჩებზე: ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს

დღეს იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები - გინახავთ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? გაგიგიათ ასეთი რამე? სრული საგიჟეთია უბრალოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მერის განცხადებით, ვისაც კანონპროექტი არ მოსწონს, შეუძლია, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგოს და შეცვალოს. მისივე განცხადებით, უმრავლესობა კანონს აუცილებლად მიიღებს.


„არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში თუ პარლამენტი, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, რა კანონს მიიღებს, ამასთან დაკავშირებით მითითება მიიღოს. არ მოგწონთ აღნიშნული კანონი? აგერ ოქტომბერში არჩევნები მოდის, ყველა პოლიტიკური პარტია და სუბიექტი იღებს მონაწილეობას, მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ. ძალიან მარტივია. მე, კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის გადავდგათ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის.


დღეს იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები. ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება ახლა. სად გაგონილა? გინახიათ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? გაგიგიათ ასეთი რამე? სრული საგიჟეთია უბრალოდ. ეს არის პრობლემა. პრობლემაა, როდესაც ელჩები ერთვებიან და პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებენ,“ - განაცხადა კალაძემ. ის ასევე, მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივას, კანონპროექტთან გარშემო საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით.


ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.


„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.


5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.


ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. დღეს მას იურიდიული კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს.