მდინარაძე: ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა

„ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ კომიტეტზე მას შემდეგ, რაც კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მდინარაძეს დაარტყა. ამის შემდეგ, დარბაზშივე, ალეკო ელისაშვილს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.


არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ, უკაცრავად ჟარგონისთვის, რომ გავებანძებინე. თუ ჩხუბი უნდა, პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით. ამას არ ავყვეთ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში ზის. ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა, ეს „კაცი“, რომელიც ძალიან დიდი ხანია, მიცნობს.

ერთი იცოდეთ ყველამ – ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ. თორე მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს.


ამას საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს. ამ ტიპის ვითომ კაცობა და ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მიმართ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები. ვინ, ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ არიან რუსული ინტერესების გამტარებლები? შევაკვდებით პირველ რიგში ჩვენ, რომ იცოდეთ. პირველ რიგში, მე პირადად შევაკვდები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


„რაც უნდათ ის ქნან, თუ უნდათ დამიჭირონ, თუ უნდათ სული ამომხადონ, - ამის შესახებ კი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მან აღნიშნა, რომ თუ მომხდარის გამო საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ, არაფრის ეშინია.

„არ მაინტერესებს, რაც უნდათ, ის უქნიათ, აგერ ვარ და არსად გავრბივარ. ალეკო ვარ ელისაშვილი, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები, რუსის უკანალში შესაძრომად არ დავბადებულვარ. ვისაც უნდა რუსის უკანალში შესვლა, კი ეტკინება ახლა ცხვირ-პირი. რუსეთში საქართველო არასდროს დაბრუნდება, გამორიცხულია. მდინარაძე კი არა, ვერავინ შეიყვანს!“ - განაცხადა ელისაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევა, თუ ისევ შეუშვებენ.