ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თანაპარტიელ რესპუბლიკელებს ისრაელის, უკრაინის და ტაივანის დახმარების და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ ოთხი დამოუკიდებელი კანონპროექტი წარუდგინა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, სპიკერმა ჯონსონმა რესპუბლიკელებს ოთხი კანონპროექტი 15 აპრილს წარუდგინა დახურულ შეხვედრაზე, რომელიც კონგრესის შენობაში გაიმართა.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო აკვირდება, შეძლებს თუ არა აშშ მოკავშირეების და საკუთარი ინტერესების დაცვას და ამას აუცილებლად გააკეთებენ. კანონპროექტები დღეს, 16 აპრილს, უნდა გამოქვეყნდეს. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრა ამ კვირაში გაიმართება.
მაიკ ჯონსონის ინფორმაციით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია დაახლოებით იმდენივე დაფინანსება, როგორც ეს სენატმა განსაზღვრა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სახსრების ნაწილს კრედიტის სახე ექნება.
კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, ამ კანონპროექტისთვის კენჭი არ უყრია კონსერვატორი კონგრესმენების წინააღმდეგობის გამო. ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებენ მექსიკის საზღვრიდან მიგრაციის შესაჩერებლად გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას, ვიდრე ამას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს. ისრაელის დახმარების საკითხი წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 13-14 აპრილს ირანმა ისრაელს დრონებით და რაკეტებით შეუტია.