გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში 12 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს უკვე შეხვდა. ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც.
შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს.
გერმანიის კანცლერის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთში. შოლცს თან ახლავს სამი მინისტრი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის საკითხებზე. დელეგაციაში შედიან წამყვანი გერმანული კომპანიების, კერძოდ, Siemens-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შოლცის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც გერმანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უპირისპირდებიან ჩინეთს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, ვაჭრობის, ტაივანის, ადამიანის უფლებებისა და მისი კავშირების შესახებ რუსეთთან. გერმანიის დელეგაციამ სი ძინპინთან შეხვედრას „კარგი“ უწოდა. მასთან შეხვედრის წინ, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საფრთხეს უქმნის "მთელ საერთაშორისო წესრიგს."
გერმანიის კანცლერმა ბირთვული ესკალაციის საფრთხეზეც ისაუბრა.
„ნათელია, ჩვენ ორივემ ნათლად განვაცხადეთ ჩვენს ბოლო შეხვედრებზე აქ, პეკინში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საფრთხეც კი არ უნდა შეექმნას. მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის ვიზიტის წინ ვაშინგტონმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღების სექტორის გაძლიერებულ მხარდაჭერაში.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამბობს, რომ ორმხრივი კავშირები გერმანიასთან, სტაბილურად განვითარდება იმ პირობით, რომ ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის განსხვავებებს და ისინი ეძებენ „საერთო ნიადაგს.“
„ჩვენ უნდა შევხედოთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველი გზით გრძელვადიანი და სტრატეგიული პერსპექტივიდან,” - განუცხადა მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში.
- ბერლინმა გასულ წელს წამოიწყო „რისკებისგან თავის დაღწევის“ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ზედმეტად მჭიდრო კავშირის შეჩერებას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან.
„ვიდრე ორივე მხარე დაიცავს ურთიერთპატივისცემას, ეძებს საერთო ენას და ინარჩუნებს განსხვავებებს, ურთიერთობს და სწავლობს ერთმანეთისგან და მიაღწევს მომგებიან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება,“ განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმ გერმანიიც კანცლერს.
თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და გააფრთხილა ჩინეთის ხელმძღვანელობა ავტოინდუსტრიაში პროტექციონისტულ პოზიციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ჩინური წარმოების მანქანები მისასალმებელია გერმანულ ბაზარზე იქამდე, ვიდრე კონკურენცია "სამართლიანი" იქნება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ არ იყოს დემპინგი, რომ არ იყოს ჭარბი წარმოება, რომ საავტორო უფლებები არ ირღვეოდეს,“ - ასეთია შოლცის პოზიცია. მან მოუწოდა ჩინეთს, შექმნას თანაბარი პირობები ვაჭრობისთვის. გერმანიის მთავრობა და გერმანული ბიზნესი ასევე უფრთხილდებიან ტაივანთან დაკავშირებით რაიმე პოტენციურ სამომავლო კონფლიქტს. შოლცის ვიზიტი დღეს დასრულდა.