Reuters: უკრაინამ რუსეთთან და თურქეთთან ხელი არ მოაწერა შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ შეთანხმებას

უკრაინამ ბოლო მომენტში თქვა უარი შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ რუსეთთან და თურქეთთან შეთანხმების გაფორმებაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".

ამ წყაროების მიხედვით, რუსეთი და უკრაინა თურქეთის შუამავლობით უკვე ორი თვეა აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა მიეღწიათ შავ ზღვაში საქონლის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შეთანხმებისთვის.

კიევს შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება არ სურდა, მაგრამ დათანხმდა, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ერდოანს, ამის თაობაზე გამოეცხადებინა 30 მარტს, წინა დღეს ადგილობრივი არჩევნებისა, რომელზეც ერდოანის პარტია მეორე ადგილზე გავიდა.

Reuters-ს აქვს შეთანხმების ასლი. დოკუმენტში ჩამოთვლილი პირობების თანახმად, მოსკოვი და კიევი პირობას დებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ შავ ზღვაში სავაჭრო გემების უსაფრთხოებას და კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ არ გაუხსნიდნენ ცეცხლს, არ დააკავებდნენ და არ ჩაატარებდნენ ჩხრეკას, თუ გემები ცარიელია ან გაცხადებული აქვთ გემბანზე არასამხედრო ტვირთის არსებობის შესახებ.

შავ ზღვაში მდებარეობს მარცვლეულის, სასუქებისა და ნავთობის ექსპორტირების მთავარი მარშრუტები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. 2023 წლის ივლისში რუსეთმა, დასავლეთის ქვეყნების მიერ შეთანხმებების შეუსრულებლობის მომიზეზებით, დატოვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც მანამდე ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გაგრძელდა.

2024 წლის თებერვალში უკრაინამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა შავი ზღვის საზღვაო დერეფნის დაცვას. სრულმასშტაბიანი ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინის არმიამ გაანადგურა მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებისა, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხეს შეექმნათ სავაჭრო დერეფნის ფუნქციონირებისთვის.