ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება 15 აპრილს სთხოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.
ევროპის საბჭოს კანონპროექტს ამჟამად საქართველოს პარალამენტი განიხილავს.
ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე.
„ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან,“ - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.
„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.
5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.
ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია