კრემლი ადასტურებს, რომ „რუსეთის სამშვიდობო ძალებმა“ მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან გასვლა დაიწყეს

კრემლმა გამოაცხადა 17 აპრილს, რომ "რუსეთის სამშვიდობო ძალებმა" დაიწყეს მთიანი ყარაბაღის დატოვება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა კონტროლი თავისი რეგიონზე. მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის მედია წერდა, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს პოზიციების დატოვება, რომელიც 2020 წელს დაიკავეს ერევანსა და ბაქოს შორის მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ზავის შედეგად.


რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა, რომ „კი, ეს სიმართლეა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.

რუსეთმა „სამშვიდობო ძალები“ - ორი ათასი სამხედრო, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ექვსკვირიანი ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში განათავსა. 2020 წლის ომის შედეგად აზერბაიჯანმა რეგიონის და მიმდებარე არეალების დაკავება მოახერხა. ბაქომ ტერიტორიის დაკავება შარშან, სექტემბერში ელვისებური იერიშით დაასრულა, რასაც მოჰყვა კრიზისი - მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თითქმის მთლიანად გასვლა სომხეთში რეპრესიების შიშით.


მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, სადაც უმრავლესობას სომხური მოსახლეობა წარმოადგენდა და თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მას სეპარატისტული ძალები მართავდნენ. კონფლიქტმა რუსეთს და სომხეთს შორის კავშირები დაარღვია.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ ერევანმა დე ფაქტო შეაჩერა მონაწილეობა მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ თავდაცვის ალიანსში - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (CSTO), მან არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ „მხარი არ დაუჭირა მის ქვეყანას აზერბაიჯანის აგრესიისას.“ ერევანი ასევე შეუერთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსკოვის სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ერევანი ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის სომხეთში ჩავა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მოლაპარაკებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების გარშემო. ორი ქვეყნის საზღვრისპირა ჯარებს შორის შეტაკებების შესახებ ცნობები ხშირია.