საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა.
„ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. ერთიდაიგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. პაციენტი ხანდაზმული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 273 137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 267 015 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 601 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 252 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 114 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1 383 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.