ვედანტ პატელი: ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე გაააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე.


დამაზუსტებელ კითხვას, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მკვდარია თუ არა დიპლომატია“ საქართველოსთან ურთიერთობაში, სპიკერის მოადგილემ უპასუხა:

„ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი.“

პატელის კომენტარის ეს მონაკვეთი დღეს ამერიკის საელჩომაც გაავრცელა.


აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეექვსე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ გააკეთა.



შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.