დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, სწორედ პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირებასთანაა გარკვეულწილად დაკავშირებული ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში გაიზარდა.
„დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი ორი თვის განმავლობაში თანდათანობით იკლებს, თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობა მერყეობდა 1.5 – 1.8 ფარგლებში, ხოლო ინციდენტობა 8-ის და 10-ის ფარგლებში. ბოლო 4 დღის განმავლობაში ამ მაჩვენებლით გვაქვს ოდნავ ზესვლა. ეს ასევე უკავშირდება პირბადის ტარების მაჩვენებელს. ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე, შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით კი 43%-ია.
პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ. შესაძლებელია, ამ მასშტაბით ეპიდსიტუაცია შევინარჩოთ და იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებაზე. ეს დამცავი საშუალება ანუ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ და თუ ჩვენ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 273 137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 267 015 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 601 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 252 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 114 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1 383 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.