ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ აკრიტიკებს. ის აცხადებს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე.
სტივენ ჯონსი - ისტორიკოსი, საქართველოს თანამედროვე ისტორიის, ქართული სოციალ-დემოკრატიისა და პირველი რესპუბლიკის სპეციალისტი - წერს, რომ დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს.
„ეს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ქართული დემოკრატიის მომავალს,“ - წერს სტივენ ჯონსი
18 აპრილს გავრცელებული განცხადებით, პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგრამ „ეს არის აკადემიური პროგრამა, რომელიც ეფუძნება მეცნიერულ დამოუკიდებლობას, კვლევის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.“
„ჩვენ ვერ გადავრჩებით ამ მახასიათებლების გარეშე - და ვერც ქართული დემოკრატია გადარჩება,“ - წერს ის.
„კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - რომელიც უკეთ ცნობილია, როგორც უცხოეთის აგენტების კანონპროექტი, - წარმოადგენს გამოწვევას იმ აკადემიური ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ჩვენი პროგრამა იცავს,“ - წერია განცხადებაში.
პროფესორ ჯონსის შეფასებით, „ბუნდოვნად ფორმულირებული „უცხოეთის აგენტების“ კანონი, თუკი მიიღებენ, შექმნის დამოუკიდებელი მედიის, ქართული აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების) გამოხატვის თავისუფლების მეტად შეზღუდვის შესაძლებლობებს“.
„ეს დაასრულებს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ... ევროკავშირის თანამდებობის პირთა და, ასევე, ევროპარლამენტში პარტიების წარმომადგენელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა ეს,“- წერს სტივენ ჯონსი.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ტოლერანტობისა და ნამდვილი დემოკრატიის მშენებელი ქვეყნის, რეპუტაციას,“ - აცხადებს პროფესორი ჯონსი.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები