კოფეინის ზემოქმედების შესახებ კვლევა ჩატარდა

კოფეინი შესაძლოა, ხელს უწყობდეს ქრონიკული სტრესით გამოწვეული დეპრესიის პრევენციას, ნაწლავებისა და ტვინის ურთიერთკავშირის გავლენით — ასეთია ჩინეთის ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში European Journal of Pharmacology (EJP).


ექსპერიმენტისას, რომელიც ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერებმა მოახდინეს ქრონიკული სტრესის სიმულაცია — რაც ადამიანებში დეპრესიულ სიმპტომებთან ასოცირდება. ერთ ჯგუფს ექსპერიმენტის დაწყებამდე კოფეინი მიაწოდეს. მათი ქცევა, ნაწლავის მდგომარეობა და ანთებითი მარკერები შეადარეს იმ თაგვებს, რომლებიც სტრესის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მაგრამ კოფეინი არ მიუღიათ.


შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: კოფეინის მიღების მქონე თაგვები ისე აქტიურად იქცეოდნენ, როგორც კონტროლის ჯგუფის თაგვები, რომლებიც სტრესს არ გამოუცდიათ. მათ არ დაუკარგავთ ინტერესი ტკბილი წყლის მიმართ, არ დაუკარგავთ წონა და არ ჰქონიათ დეპრესიის ნიშნები.


ამავე ჯგუფში არ დაფიქსირდა ნაწლავის ბარიერის დაზიანება, ანთებითი მოლეკულების დონე კი, სისხლსა და ჰიპოკამპში (ტვინის ის ნაწილი, რომელიც განწყობას აკონტროლებს) ნორმის ფარგლებში დარჩა. ნაწლავის კედლის მთლიანობისთვის პასუხისმგებელი ცილების დონე არ შემცირებულა, ხოლო მათი ნაწლავის მიკრობიოტა ჯანმრთელ თაგვებთან მსგავსად შენარჩუნდა.


ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა ჯერ კიდევ წინასწარ ეტაპზეა. ის მიანიშნებს კოფეინის პრევენციულ ეფექტზე — ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა მას უკვე არსებული დეპრესიის შემსუბუქება. თუმცა აღმოჩენები აძლიერებს მოსაზრებას, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა კვებას, ნაწლავის მიკრობიოტასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირის გასარკვევად.