ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს. 


გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით. 


სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს.



შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან.

საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.