პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უქმდება ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.


„საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, ვალდებულია ცესკო წარუდგინოს ისეთი სია, რომელშიც სულ მცირე ყოველი მეოთხე ადამიანი ქალი იქნება. ქალთა კვოტირების გაუქმებას 4 აპრილის პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო.


მმართველ პარტიას აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, საპარლამენტო უმრავლესობაში კი, 83 დეპუტატია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.