საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობს, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ეს არჩევანი არასდროს შეცვლილა.
„ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. ეს არის ის, რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა, ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ - მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და არ შეიცვლება და სწორედ ეს სიმტკიცე მიგვიყვანს არჩევნებზე წელს ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს მივიღებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის რუსული კანონი, ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების მიზნით.
მისი თქმით, შარშან, ეს კანონი ვერ მიიღეს და ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის პროტესტის წყალობით.
„ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით მიახლოებული ვართ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან წლის ბოლოს, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ამ გზაზე და მათ აშკარად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კითხვას, რას მოიმოქმედებს ის, თუკი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეუძლია, ვეტო დაადოს კანონპროექტს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ექნება.
„ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიქცევა, რადგან კანონი ჩვენი პარტნიორების, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგაც არის მიმართული. ეს არის ნამდვილად გეოპოლიტიკური ომი, არა სამხედრო ომი, როგორსაც თქვენ ახლა უკრაინაში ხედავთ, არამედ, სხვა ტიპის, „რბილი“ ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.