ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ე.წ. აგენტების კანონპროექტი და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, მათ შორის მათ ადგილობრივ წარმომადგებლობაზე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე.“
გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.
„ეს ნაბიჯი ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და მიღწეულ პროგრესს ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით. ეს, ასევე სერიოზული უკუსვლაა მედიის თავისუფლებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საქართველოში - და ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ერის ევროინტეგრაციის პროცესი," - წერია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე, ფრანსუა ვალერიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ერთი და იგივე კანონის სხვადასხვა სახელწოდებით ხელახალი ინიციირება არ ცვლის თავდაპირველ განზრახვას და, რომ იგი ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს, ისაუბროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს მის უკანგადადგმულ ნაბიჯს და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ღია მმართველობისა და დემოკრატიული მთლიანობის პრინციპებისადმი. საქართველოს დემოკრატიის მომავალი და მისი ადგილი ევროპულ საზოგადოებაში დამოკიდებულია კრიტიკული ხმების დაცვაზე და არა დევნაზე," აღნიშნავს ფრანსუა ვალერიანი.
აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან.“ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები