თბილისის საქალაქო სასამართლოში ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია. მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 16 აპრილს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
დარბაზის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "უმიზეზოდ" დააკავეს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანის მიშველებას ცდილობდა.“
"სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა "გირჩი - მეტი ტავისუფლების წევრმა გელა ხასაიამაც.
როგორც ის "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს: „ჩემზეც ფიზიკურად იძალადეს. დაკავების მომენტში ვიდექი რობოკოპების წინ, ხელაწეული ვიდექი, როგორც სხვა ადამიანები, ჩემგან გაუგებრად მომვარდა პოლიციელი, რომელმაც ხელი მკრა, შემდეგ უკვე აღმოვჩნდი ნიღბიანი ადამიანების წრეში..."
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სხვა პირების სასამართლო სხდომები. შსს-ს ცნობით, 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები