- უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის გენერალური პროკურატურის და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დააკავეს პოლონეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იუწყება, გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილის გეგმა იყო, შეგროვებულიყო და აგრესორ ქვეყანას გადასცემოდა ინფორმაცია ჟეშოვ-იასიონკის აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში, პოლონეთში ყოფნის დროს. ხსენებული ქალაქი უკრაინის საზღვართან მდებარეობს.
პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთთან თანამშრომლობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეზე მასალები და მტკიცებულებები უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პოლონურ მხარეს გადასცა.
პოლონეთის მოქალაქის დაკავების შესახებ შეტყობინება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამაც გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი, საკუთარი ინიციატივით, დაუკავშირდა რუსეთის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებს. ასევე ნახსენებია ზელენსკის პოლონეთში ყოფნის დროს მკვლელობის მცდელობის შესაძლო მომზადება. პოლონეთის მოქალაქეს პაველ კ-ს საგარეო დაზვერვისთის სასარგებლოდ და პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედების მომზადებაში ბრალი წაუყენეს.
გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ზელენსკი პოლონეთს ბოლოს 2023 წლის აპრილში ეწვია. პოლონეთი უკრაინის დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს. რუსეთთან ბრძოლაში, პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა.