"თუ საქართველო ენერგოიმპორტზე დიდი დოზით გახდა დამოკიდებული, ეს ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.
"რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით ჩვენს პოლიტიკაზე დამოკიდებული, არამედ მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე. მაგალითად, იგივე ელექტროენერგიის ფასები მოსახლეობისთვის და ადგილობრივი მომხმარებლისთვის იქნება დამოკიდებული არა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზე თუ როგორი ეკონომიკური ვითარება იქნება მეზობელ ქვეყნებში და როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა ექნებათ", - განაცხადა თურნავამ.
ამასთან მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ავარიულად გამორთვის დროს, ჩვენ ვერ შევძლებთ მოსახლეობის 1 საათის უზრუნველყოფასაც კი. „ეს ელექტროენერგიის ფიზიკურად ხელმისაწვდომობას უქმნის საფრთხეს", - აღნიშნა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.