გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას „იმედის“ ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებდნენ და ცდილობდნენ, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს კამერას შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები დაეფიქსირებინა. კანონპროექტს, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები რუსულ კანონად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ გარემოებად მიიჩნევენ, „იმედი“ „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ უწოდებს.
შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები