"მოქალაქეები" ფარული აუდიოჩანაწერების შინაარსის გამო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

პარლამენტის წევრები, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები პარლამენტის საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ და საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

„რამდენიმე დღის წინ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ და დღემდე მთავარ კითხვებზე არ არის პასუხი გაცემული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - არის თუ არა ეს ჩანაწერები ავთენტური, მეორე შეკითხვა - ამ ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები იკავებდნენ თუ არა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს ჩანაწერის გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა ისინი სახელისუფლებლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. შეიძლება პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი, რომ ჩვენს მიერ და საზოგადოებაში დასმულ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე იყოს პასუხები. შესაბამისად, ჩვენი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მოვუწოდებთ შეიქმნას საგამოძიებო დროებითი კომისია. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, რათა დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რეალიზებაში, ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა არის საჭირო საგამოძიებო კომისიის ინიცირებისთვის და კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერა. ჩვენი მიმართვის პირველი და მთავარი ადრესატი „ქართული ოცნებაა“, რადგან მათ ინტერესშია არსებულ კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სწორედ პარლამენტს აქვს რეალური ბერკეტი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაიბაროს და გამოკითხოს ყველა ის პირი, რომლებიც გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს.

„ლოგიკური იქნებოდა პირველივე წუთიდან პროკურატურას დაეწყო გამოძიება. ეს რომ არ მოხდა, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ ვითხოვთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. პარლამენტს აქვს რეალური ბერკეტი დაიბაროს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩანაწერების მონაწილეა და დაიბაროს ასევე ის ადამიანები, ვისზეც სავარაუდოდ განხორციელდა ზეწოლა და უშუალოდ პირველწყაროსგან მოისმინოს როდის, რა და როგორ მოხდა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.