ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ჯამში 40 ადამიანი დააკავა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამოვლისას განაცხადა, რომ ე,წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, 40 პირი დააკავეს. 

„მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


„ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დავაკავეთ 40 პირი,“ აღნიშნა გომელაურმა. 



შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.